უცხოური კომპანიები რუსულ ბაზარზე
„სისხლიანი შემოსავალი - დასავლური კომპანიებიდან გადასახადების სახით მიღებული ფულით, რუსეთი ახალ არმიას ყიდულობს“- ამ სათაურით უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ დასავლური კორპორაციების უმეტესობა, რუსეთში მუშაობას განაგრძობს და სახელმწიფო ბიუჯეტში ათობით მილიარდი დოლარი შეაქვს. კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მხოლოდ საერთაშორისო კომპანიების 8%-მა დატოვა. რუსულ ბაზარზე დარჩა ბრიტანული უნილევერი, ფრანგული ლერუა მერლენი, სუპერმარკეტების ქსელი აშანი, ასევე თამბაქოს მსხვილი მწარმოებლები, მათ შორის ფილიპ მორისი. სტატიაში ნათქვამია, რომ კოკა-კოლამ რუსული ბაზრიდან გასვლის პირობა დაარღვია, მას რუსეთში საქმიანობა სრულად არ შეუწყვეტია. კომპანიის ორიგინალური პროდუქცია კი რუსულ ბაზარზე რამდენიმე ქვეყნიდან შედის, მათ შორის საქართველოდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია სამსუნგის ახალი სმარტფონები რუსეთში რიტეილერების საშუალებით გაიყიდება. მათი შეკვეთა უკვე შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსხვილ მაღაზიებში.
