პრემიერის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო. ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში, მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია დახვდნენ. ცერემონიაში მონაწილეობდნენ სპორტსმენი სტუდენტები. პრემიერი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. მთავრობის მეთაური, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში, წელს 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს. ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები.
