დუმბაძის სახელობის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიხურა
ოზურგეთის დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა ნოდარ დუმბაძის სახელობის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც კულტურის, სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. თეატრალური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია გადასცა ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვასილ ჩიგოგიძეს. წელს ფესტივალი ნოდარ დუმბაძის დაბადების 95-ე წელს და ოზურგეთის თეატრის დაარსების 155-ე წლისთავს მიეძღვნა. ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.
