მეგი ბაქრაძის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 3-3 წლით, ხოლო ერთს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ორი ბრალდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას კლინიკის ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხვისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იმუნიზაციის ექიმმა მათი თანდასწრებით პაციენტს ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ბრალდებულს დაზარალებულისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია
