UObserver: საქართველო ეფექტიანად ასრულებს სანქციებს
„საქართველო ეფექტიანად ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს“ - ნათქვამია ევროპული გამოცემის, „ეურო ობზერვერის“ სტატიაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. პუბლიკაციაში ამერიკელი, ბრიტანელი და ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატების შეფასებებია მოყვანილი. აღნიშნულია, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო იმისათვის, რათა არ დაეშვა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. პუბლიკაციაში მოყვანილია გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლის კუმარ იერის ციტატა , რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას „იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთას ემსახურება“. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპონენტები საქართველოს ხელისუფლებას სანქციებისთვის გვერდის ავლაში აქტიურად ადანაშაულებენ. თუმცა, ბრალდებებისა და სპეკულაციების მიუხედავად, დღემდე არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
