ევა კაილი კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობას უარყოფს
ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი აცხადებს, რომ კორუფციულ გარიგებებში არ მონაწილეობდა და 4 თვეზე მეტი ციხეში უმიზეზოდ გაატარა. „ციხეში ჩამსვეს იმის გამო, რაშიც არ ვმონაწილეობდი. ყველაფერი, რაც ვთქვი ან გავაკეთე, საჯაროა და მე არ მაქვს ევრო პარლამენტზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა“,- აღნიშნა კაილიმ ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გასული წლის დეკემბერში დააკავეს. მასთან ერთად ბელგიის პოლიციამ კიდევ 4 პირი დააპატიმრა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.
