თამაზ გაიაშვილის პასუხი
„ჯორჯიან ეარვეისი“ თამაზ გაიაშვილის განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ პირველ ივნისს ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია. განცხადებაში წერია, რომ თამაზ გაიაშვილი დაახლოებით თხუთმეტი წელია, აღარ არის „ჯორჯიან ეარვეისის“ არც დამფუძნებელი და არც გენერალური დირექტორი და ამჟამად კომპანიაში საფრენოსნო დირექტორის თანამდებობას იკავებს. გაიაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოში არცერთ ავია კომპანიას, მათ შორის, არც „ჯორჯიან ეარვეისს“, არ შეუძლია, გასცეს ნებართვა ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყების ან შეწყვეტის შესახებ და ეს საკითხი ორ ქვეყანას შორის სამთავრობო ხელშეკრულებით რეგულირდება. ქართული ოპოზიცია და მათი რუპორი მედია საშუალებები გაჰყვირიან, რომ ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ვეხმარებით. ავიაკომპანია, რომლის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. სხვა საქმეა ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთის ავიახაზები, რომლის ავიაპარკი ხუთასზე მეტ თვითმფრინავს ითვლის და, რომელიც რუსეთში ყოველდღიურად ოცდაათ რეისზე მეტს ასრულებს. აგრეთვე, არაბეთის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი, შუა აზიისა და, საერთოდ, აზიის სახელმწიფოები. ამაზე რატომღაც თვალებს ხუჭავენ ისინი, ვინც ასე გააფთრებით ებრძვიან ქართულ პატარა ავიაკომპანიას. წერია განცხადებაში.
