ალექსანდრე ლომთათიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
ალექსანდრე ლომთათიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მანამდე, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერ კავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა სამოქალაქო პანაშვიდზე მყოფ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ალექსანდრე ლომთათიძის ცხოვრებასა და საქმიანობაზე ისაუბრა. სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ აღავლინა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ ტახტის მოსაყდრემ დამსწრეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილი გააცნო. სამების ტაძარში მყოფებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი უზბეკეთიდან საქართველოში, გუშინ ჩამოასვენეს.
