დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი
„ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ - ამ სახელწოდებით 27 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - გაიმართება. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას, დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და მათი გადაჭრისთვის ერთობლივი გზების დასახვას, ასევე, თანამემამულეების ცოდნის, პროფესიული გამოცდილების და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და საქართველოს განვითარებაში დიასპორის ჩართვის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს ჩამოასვენებენ.
