ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ცხელ წერტილად რჩება ბახმუტი. რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური კვლავინდებურად აცხადებს, რომ ქალაქზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი კი ირწმუნება, რომ ბახმუტის მცირე ნაწილს უკრაინელები აკონტროლებენ. მძიმე ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, ლიმანის, ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებითაც. პარალელურად, დრონებით თავდასხმა განხორციელდა უკრაინის ქალაქებზე, თუმცა როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს. ღამით განგაში იყო გამოცხადებული კიევისა და ხარკოვის ოლქებში.