დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი პერიოდისთვის დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა დღეიდან სრულად შეიზღუდა
მზადება 26 მაისისთვის უკვე დაიწყო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი პერიოდისთვის დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა დღეიდან სრულად შეიზღუდა თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ასევე, რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე. ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით. მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ავტომანქანები, რომლებიც მიდიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, ჯანაშიას, თარხნიშვილისა და ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით. შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ტრანსპორტის ნაკადს საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს. 27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეული რეჟიმით აღდგება.
