თამაზ გაიაშვილმა პრეზიდენტი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა
თამაზ გაიაშვილმა პრეზიდენტი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა. „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი აღნიშნავს, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე დაშვებული არ იქნება. ამ ფორმით, „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისს” ბოიკოტი გამოუცხადა. ციტატა წერილიდან: „იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ და სამშობლოს ერთიანობის იდეას ეწირებოდნენ. შტურმი უსინდისობაა და სხვა არაფერი, მითუმეტეს, იმ პრეზიდენტისგან, რომელსაც ერთპროცენტიანი რეიტინგიც კი არ გააჩნია. გასაკვირია, თუ რატომ იხარჯება მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან იმ ქალბატონის ყოვლად უმიზნო ვოიაჟებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვისაც ცხოვრების არცერთ მონაკვეთში საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ორი წლის წინათ, ფრანგულ ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ კუთვნილ თვითმფრინავს ტაშ-ფანდურით დახვდა, შემდეგ კი, პიარის გასაკეთებლად, პარიზში გაჰყვა. მას არასოდეს გასჩენია სურვილი, რომ ქართულ ავიაკომპანიას დახმარებოდა. თუმცა, რა არის გასაკვირი, იგი არ არის საქართველოს პრეზიდენტი“ - წერს თამაზ გაიაშვილი.