ცრუ ინფორმაცია მოსკოვი-თბილისის ფრენებთან დაკავშირებით
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო, არ შეცვლილა. ასე პასუხობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მედიაში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოს ვნუკოვოს აეროპორტმა ჯერ დაანონსა და შემდეგ წაშალა ცნობა მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ავიაციის სააგენტოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე, რუსულ მხარეს მათთვის არ მიუმართავს. ინფორმაციას არც „ჯორჯიან ეარვეისში“ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ავიაკომპანიას აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით, განაცხადი არ გაუკეთებია. ავიაკომპანიაში ასევე ამბობენ, რომ მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ცნობა, აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.
