პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს საპატრიარქო გამოეხმურა
პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს საპატრიარქო გამოეხმურა. ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ, ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისთვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია. მშვიდობის დარღვევის მცდელობად მიგვაჩნია პოლარიზების გამღვივებელი რადიკალური განცხადებები, რომელი მხრიდანაც უნდა ვრცელდებოდეს ის, მით უმეტეს, სასულიერო პირთაგან. სოციალურ ქსელში ხდება იმ ცალკეულ სასულიერო პირთა ქადაგებების თუ გამოსვლის ტირაჟირება, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეხება , იქნება ეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გადაჭარბებული „სიმპატიები“ თუ უშუალოდ სახელმწიფოს მიმართ რადიკალური კრიტიკა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ასეთი დამოკიდებულება უცხოა ეკლესიის ოფიციალური ხედვისა და ზოგადად, ქრისტიანული სულისკვეთებისათვის, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
