კანონპროექტი „ინფორმაციის გავრცელების“ შესახებ
ფლორიდის საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც ბლოგერებს, რომლებიც გუბერნატორ რონ დისანტოსზე, მისი კაბინეტისა და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრებზე დაწერენ, შესაბამის უწყებებში დარეგისტრირება მოუწევთ. რესპუბლიკელ სენატორ ჯეისონ ბროდერის მიერ შემუშავებული კანონპროექტი „ინფორმაციის გავრცელების“ შესახებ ბლოგერებს იმ ინფორმაციის გასაჯაროებასაც დაავალდებულებს, თუ ვინ უხდით მათ არჩეული თანამდებობის პირების შესახებ პოსტების გამოქვეყნებაში ფულს. თუ ბლოგერი მსგავსი პოსტების გამოქვეყნებაში კომპენსაციას აიღებს, მას დარეგისტრირებისთვის ხუთი დღე მიეცემა. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმა დაეკისრება. როგორც კანონპროექტის ავტორი ჯეისონ ბროდერი ამბობს, დაფინანსებული ბლოგერები ჩვეულებრივი ლობისტები არიან და ისინი, ისევე უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც ლობისტები რეგისტრირდებიან.
