მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს. დადგენილების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებებზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც ასევე განიხილეს „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. პრემიერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის სამუშაოები, რომლებიც ქალაქების იერსახეს ამახინჯებენ ან უსაფრთხოების კუთხით პრობლემებს ქმნიან.
