ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისია დაასრულეს. პრემიერ მინისტრის, გადაწყვეტილებით, ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ. საქართველოში დაბრუნებულ მაშველებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, რომლებმაც სამაშველო ჯგუფის წევრებს თურქეთში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, ქალაქ ადიამანში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ, როტაციის შემდეგ კი ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში განაგრძეს სამაშველო ოპერაცია. საერთო ჯამში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 200-მდე მაშველი მონაწილეობდა.
