კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს
ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ლიცეუმის კადეტები დაესწრნენ. მათ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და სამშობლოსთვის თავდადებული ახალგაზრდების ისტორიები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ღონისძიება ლიცეუმის ტერიტორიაზე გენერალ გიორგი კვინიტაძის ძეგლისა და მისი სახელობის სამუზეუმო კუთხის გახსნით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარჩინებულ კურს დამთავრებულთა მემორიალური კედელი გახსნეს.
