პრემიერი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბაკურიანში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში განხორციელებული პროექტებისთვის 270 მილიონი ლარი გამოყო. ჩემპიონატის ფარგლებში აშენდა სამი ახალი საბაგირო, მოეწყო ექვსი ახალი ტრასა. ამასთან, 30 კილომეტრიან მონაკვეთზე დამონტაჟდა ევროპული სტანდარტების გათოვლიანების თანამედროვე სისტემა. როგორც იოჰან ელიაშმა აღნიშნა, საქართველოში პირველად ტარდება ასეთი მაღალი დონის შეჯიბრი და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. მისივე თქმით, საორგანიზაციო კომიტეტის მხრიდან უდიდესი სამუშაოები იქნა გაწეული.
