ორბელიანების სასახლე, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის დროშის ფერებში განათდა
ორბელიანების სასახლე, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის დროშის ფერებში განათდა. სასახლეში ასევე ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო „არ შემეხო“ გამოიფინა. საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ამ მონუმენტური ნახატით გამოხმაურებოდა უკრაინაში ომის წლისთავს. ნახატი 23 თებერვალს, საღამოს 9-იდან, ღამის 3 საათამდე გამოიფინა, ეს კი ის დროა, როდესაც ერთი წლის წინ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე პირველი იერიში მიიტანა. ფერმწერმა ტილო ომის პერიოდში შექმნა და ასე გამოხატა უკრაინელების მიმართ სოლიდარობა. ნახატის სიღრმეში ბევრი დეტალი იმალება, მათ შორის მკვდარი ჩიტები, როგორც დაღუპული უმანკოების სიმბოლო და კუბოკრულ ქურთუკში გამოწყობილი პატარა უკრაინელი ბიჭუნა, რომელმაც პოლონეთის საზღვარი ატირებულმა გადაკვეთა.
