დაკავება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარსულში ნასამართლევი 4 ადამიანი დააკავა. დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია ორი, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ერთი, ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა - 20 იანვარს ერთი ადამიანი მოტყუებით მიიყვანა ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, გადასცა 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცა და მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ. ამ ადამიანმა მოთხოვნები არ შეასრულა და ის ბრალდებულებმა ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, გზაში ემუქრებოდნენ მისი და ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მოძალადეებმა ის იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი გააკეთეს, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით "მარიხუანაც".
