პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ნაყოფიერად თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობასა და ურთიერთნდობის პრინციპებს ეფუძნება. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას.
