თურქეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების როტაცია დასრულდა
თურქეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების როტაცია დასრულდა. ახალი სამაშველო ჯგუფი თურქეთში ჩავიდა. მისმა წევრებმა ის მეხანძრე-მაშველები ჩაანაცვლეს, რომლებიც ქალაქ ადიამანში ამ დრომდე ატარებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს. თურქეთში კვლავ რჩებიან ქართული სამაშველო ძალების ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები. ქალაქ ადიამანში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თურქეთის რესპუბლიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში - ფატმა ჯერენ იაზგანმა ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. ცნობილია ქართული სამაშველო ჯგუფის ახალი ამოცანა, რომლის მიხედვითაც 100 ქართველი მაშველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩაერთვება. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.
