ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა დააკავეს
კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში, ბელგიის პოლიციამ ევრო პარლამენტარი მარკ ტარაბელა დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს. ბელგიის პროკურატურაში დაადასტურეს, რომ გამოძიების ფარგლებში, პარასკევს დილით სხვადასხვა ადგილზე ჩხრეკა ჩატარდა. ევროპარლამენტმა გასულ ხუთშაბათს გამართულ პლენარულ სესიაზე ტარაბელასა და ევრო პარლამენტარ ანდრეა კოცოლინოს იმუნიტეტი მოუხსნა. შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტი კორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 000 ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
