მილიონი სააკაშვილის ლობიზმისთვის
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აკერმანის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს, დასკვნების სანაცვლოდ, სოლიდური თანხა, 285-ი ათასამდე დოლარი გადაუხადა. სამი თებერვლით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადვოკატი მასიმო დი ანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც ჯამში მისმა კომპანიამ 918 ათასამდე დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს. თანხის დიდი ნაწილი, გამოყენებულია „სამედიცინო ექსპერტების“ ანაზღაურებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და მოამზადეს სამედიცინო დასკვნები. მასალებიდან ირკვევა, რომ ლობისტური საქმიანობა ასევე მოიცავდა ამერიკის და საერთაშორისო მედიისთვის სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატიების გამოქვეყნების უზრუნველყოფას კლიენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. კონტრაქტის რეგისტრაცია იუსტიციის დეპარტამენტში 2023 წლის 3 თებერვლამდე არ შესულა, როდესაც აღნიშნული კონტრაქტის გაფორმების თარიღად 2022 წლის 19 ივლისია მითითებული. აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, ლობისტურმა კომპანიებმა 10 დღის ვადაში უნდა აცნობონ იუსტიციის დეპარტამენტს კონტრაქტების გაფორმების შესახებ. ასევე ირკვევა, რომ ლობისტებს 2022 წლის ოქტომბრიდან, კომუნიკაცია ჰქონდათ თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან, სენატორ შაჰინის ოფისთან და ადამიანთა უფლებების და დემოკრატიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან.
