პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. ყურადღება გამახვილდა ფინანსთა სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელ გეგმებსა და ძირითად მიმართულებებზე. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას. როგორც ცნობილია, 2023 წლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები შეადგენს 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი - 80 მლრდ ლარამდეა . მომდევნო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ ხუთ პროცენტზეა შენარჩუნებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი სამი პროცენტია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის იზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე - არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი რვა ათას დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის - ათი ათას დოლარს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში 2022-2027 წლებში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და 5.8%-ს გაუტოლდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. როგორც ცნობილია, სულ ახლახან, სარეიტინგო კომპანია ფიჩმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი ბიბი დონეზე შეაფასა. პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა: • მთავრობის ვალის შემცირება; • ფისკალური დეფიციტის კლება; • საერთაშორისო რეზერვების შევსება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველომ გააუმჯობესა ვალის მშპ-სთან მიმართებით მაჩვენებელი 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. 2022 წელს ვალის მაჩვენებელმა მშპ-სთან მიმართებით შეადგინა 39.6%, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 40.4%-ს შეადგენა.
