2023 წლის მასშტაბური პროექტები
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა, სადაც 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის“ იმპლემენტაციის დინამიკას. პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ 2023 წელს დასრულდება მუშაობა თბილისის აეროპორტის გენერალური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე, მათ შორის, ახალი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. განიხილვის თემა იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში 7,8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს. სამუშაო თათბირზე განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიული პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობა, ასევე მსხვილი ენერგეტიკული პროექტები. ხაზი გაესვა ელექტროსადგურების მშენებლობისა და დამატებითი სიმძლავრეების შექმნის მნიშვნელობასაც. აღინიშნა, რომ 2023 წელს ექსპლუატაციაში შევა 105 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები, რაც ბოლო წლებში ამოქმედებული სიმძლავრის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ერთ-ერთი თემა იყო რეგიონების გაზიფიკაციისა და ინტერნეტიზაციის პროექტები. შეხვედრაზე პრემიერს მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2023 წელს 7 550 ახალი ბენეფიციარი დაფინანსდება. ინდუსტრიული კომპონენტის ნაწილში დაგეგმილია 20 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც ჯამურად 1.6 მლრდ ინვესტიციას და მთლიან შიდა პროდუქტში 600 მლნ ლარის კონტრიბუციას გულისხმობს.
