17 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან
ზუსტად 17 წლის წინ სანდრო გირგვლიანი მოკლეს. ეს საქმე სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მკვლელობა იყო, რომელმაც ყველა შემდგომ პროცესსა და საპროტესტო ტალღას საფუძველი დაუდო. 2006 წლის 27 იანვარს შარდენ ბარში მომხდარი ინცინდეტის შემდეგ, 28 წლის სანდრო გირგვლიანის ცხედარი ოქროყანის სასაფლაოსთან მეგობრებმა იპოვეს. მას სხეულზე წამების კვალი ეტყობოდა. ამ დანაშაულის შესახებ საზოგადეობამ პირველად სწორედ ტელეკომპანია “იმედისგან ” შეიტყო. სასტიკი დანაშაული გასცდა ერთი ოჯახის ტრაგედიას და სამართლის მოთხოვნით ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მაშინდელმა სასამართლომ ფაქტზე კონსტიტუციური დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი გაასამართლა და საქმე დახურულად გამოაცხადა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაადგინა, რომ ხელისუფლების ყველა შტო ორკესტრირებულად მოქმედებდა, რომ გირგვლიანის საქმეზე არ აღსრულებულიყო სამართლიანი მართლმსაჯულება. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კი, ქართულმა მართლმსაჯულებამ დამანაშავედ ცნო ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, რომელსაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
