უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება
უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. დასავლეთის მიერ სამხედრო დახმარების გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღესვე საოკუპაციო ძალებმა იერიშები გაააქტიურეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა, სამიზნეში მოექცა კიევის ოლქი. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი დაშავებული საავადმყოფოშია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ჟიტომირის ოლქებში. ოდესაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ქალაქში ორი ელექტროსადგური დაზიანდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, დღეს საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან უკრაინის ძალებმა 47 ჩამოაგდეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აზოვის პოლკი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის სახმელეთო ძალებს და ბახმუტში იბრძვის. „ეს ბოროტება, ეს რუსული აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე. იარაღი, რომელიც იცავს ჩვენს ცას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
