ალექსეი არესტოვიჩი გადადგა
ალექსეი არესტოვიჩი გადადგა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, განცხადება დაწერა და ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მინდა, ცივილიზებული ქცევის მაგალითი ვაჩვენო: პრინციპული შეცდომა, შესაბამისად, გადადგომა“, – წერს არესტოვიჩი. მან გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის აპარატის უფროსს, ანდრეი ერმაკს მიმართა. არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპრო პეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. რადაში არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. დღეს კი თავის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა და დნიპროს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
