სტიქიის შედეგები
4-დღიანი სტიქიის შემდეგ დღეს, დასავლეთ საქართველოში უნალექო და ქარიანი ამინდი შენარჩუნდა, თუმცა ქარის სიჩქარე ნელ ნელა დაიკლებს. უახლოესი პროგნოზის მიხედვით კი 15 იანვრიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. რაც შეეხება მდგომარეობას რეგიონებში: გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. 400- მდე საცხოვრებელი სახლის, ადმინისტრაციული შენობის და სკოლების სახურავებია დაზიანებული. ბუნებრივი აირი სამივე მუნიციპალიტეტს მიეწოდება. სამეგრელოში ძლიერმა ქარმა დააზიანა ათას 200-ზე მეტი შენობა, მათ შორის საბავშვო ბაღები, სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. სტიქიის შედეგად 350-ზე მეტი შენობა დაზიანდა ქუთაისში. ასევე დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. ადგილზე მუშაობას აგრძელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
