საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წელი საზეიმოდ შეაჯამა და წლის რჩეულები სხვადასხვა ნომინაციაში დასახელდნენ
საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წელი საზეიმოდ შეაჯამა და წლის რჩეულები სხვადასხვა ნომინაციაში დასახელდნენ. გამარჯვებულები გულშემატკივართა ონლაინ გამოკითხვის, ქულების დაჯამებისა და ექსპერტთა ჟიურის კენჭისყრის შედეგად გამოვლინდნენ. 2022 წლის საუკეთესო მორაგბე დავით ნინიაშვილი გახდა, რომელიც ფრანგულ „ლიონში“თამაშობს და გასულ წელს დიდი კარიერული პროგრესი განიცადა. ის ასევე წლის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. წლის საუკეთესო დებიუტანტის ჯილდო სანდრო ქუნთელიამ მოიპოვა, საუკეთესო კაპიტნად მერაბ შარიქაძე აღიარეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო საქართველოს ნაკრების თავკაცს, ლევან მაისაშვილს გადაეცა. 2022 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად პირველი დონის მეტოქეები დაამარცხა - ბორჯღალოსნებმა ივლისში იტალიის ნაკრებს, ხოლო ნოემბერში სტუმრად უელსის ნაკრებს მოუგეს. დაჯილდოების ცერემონიაზე მასშტაბური სპონსორობისთვის სპეციალური პრიზი ფონდ „ქართუს“ გადაეცა.