კასიანოვი ამერიკელებს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს
თავდაცვის სამინისტროს დღეს მოუწია განემარტა, რომ ქვეყანას „ბუკის“ ჰაერსაწინააღმდეგო და „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია. ორივე შემთხვევაში , საქართველომ მრავალი მილიონი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. შესაბამისად, უპასუხისმგებლო განცხადებები, რომ იარაღი ქვეყანას აჩუქეს, ტყუილია. განცხადებების ავტორი უკრაინის საქმეთა დროებითი მმართველი, დღეს ტელეკამერებთან აღარ გამოჩენილა. დუმს ამერიკის დიპლომატიური მისიაც. საქართველო კი უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უანგაროდ კვლავ განაგრძობს. ახლა მთავარია, უკრაინის საელჩომ კასიანოვის განცხადებები განმარტოს, ამერიკის საელჩომ კი პოზიცია დააფიქსიროს იმ სკანდალურ სიტყვებზე, რითაც კასიანოვი მათ პრაქტიკულად საქართველოს ომში ჩათრევის პროვოცირებაში ადანაშაულებს. მანამდე პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა, რატომ იყო საჭირო ომში საქართველოსთვის პროვოკაციული როლის მორგება და იარაღის გადაცემის სანაცვლოდ, ახლის შეთავაზება. სოფო ბერიძის რეპორტაჟი.
