მოკლული პოლიციელის საქმე
პროკურატურამ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომელს გიორგი მღებრიშვილს ბრალი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - ტარების ფაქტებზე წარუდგინა. საგამოძიებო უწყება პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, 8 იანვარს, თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გიორგი მღებრიშვილმა ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ალექსანდრე შეყელაძეს ფეხის არეში დაჭრა, ხოლო ერთ ადამიანს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ , ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით, შეყელაძეს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.