პოლიტიკა 2022
ვიდრე ახალ წელს ვუმასპინძლებთ, ცხადია, ჯერ ძველი უნდა გავაცილოთ შეფასებებით და შეჯამებებით. პოლიტიკურად წელი ცალსახად რთული იყო, მაგრამ რამდენიმეწლიანი საარჩევნო ციკლის შემდეგ ეს იყო პირველი წელი არჩევნების გარეშე. მართალია, ვადამდელის შესახებ მოთხოვნა ოპოზიციის დღის წესრიგს ლაიმტოტივად გასდევდა, მაგრამ ის იმდენად არარეზონანსული გამოდგა, რომ წლის მეორე ნახევარში არც არავის უხსენებია და არც არავის გახსენებია. წელსაც აქტუალური იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობა მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი. მთელი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა არ მოგკვკლებია ურთიერთბრალდებები, არ დარჩენილა არც ერთი მიმართულება, სადაც პოლიტიკური სპეკულაციისთვის ადგილი არ ეპოვათ. მოკლედ, წელსაც ვნახეთ კარგად ნაცნობი და გამოცდილი სცენები ბევრჯერ ნანახი პოლიტიკური კინოდან. მაგრამ წლის მთავარი მოვლენა ჩვენს ევროპულ მომავალს უკავშირდება. საქართველომ გააკეთა განაცხადი და მიიღო ევროპული პერსპექტივა. მთელი წელი ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე თუ ყველა სატელივიზო ეთერში დეტალურად განიხილებოდა 12 პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველოს საშინაო დავალებად გადმოეცა. ამ დავალებიდან დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილმა აქაც კი ბოიკოტის პოზიცია არჩია. ამის მიუხედავად პროცესი მიდის და საქართველო ემზადება წლის მთავარი სლოგანის გასამართლებლად: რომ ევროპა არის სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. წლის პოლიტიკური შეჯამება, ეს საკმაოდ მასშტაბური და შრომატევადი დავალება ქრონიკაში სოფო ბერიძეს ხვდა წილად. სწორედ მისი რეპორტაჟი გაგვახსენებს 2022 წლის მთავარ მოვლენებს.
