აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა
ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი აცხადებს. თუმცა გრძელდება მუშაობა იმ ადამიანთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერებია გაცემული. გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერები გასცა. ესენი არიან: მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავიდ სანაკოევი. მათ ბრალად ედებათ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, სასტიკი მოპყრობა და მძევლად აყვანა. გარდა ამისა დანაშაულებრივი ქმედებები უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც არის ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას.
