თაღლითური სქემა - 14 ბრალდებული დამნაშავედ სცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ნაწილს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ნაწილს 8 წლით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებით დადასტურდა, რომ კლუბ ,,ქალაქურის“ და ,,როიალის“ მფლობელმა 5 თანამზრახველთან ერთად, ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ბრალდებულების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ე.წ. ,,პრომო გოგონები“ სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უკავშირდებოდნენ, ეცნობოდნენ და სტუმრების მაგიდასთან სხდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი თანხების გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.
