ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
მიზეზი მედიაში გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც ის ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება, თუ რას ეფუძნებოდა მისი განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს, როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. ჩეხეთის ელჩმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია მოხდა და ის კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა. ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით კითხვები არ არსებობს.
