ბიზნესგარემო საქართველოში - პრემიერის შეხვედრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - ბაინანსის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. ხაზი გაესვა საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრად ჩამოყალიბებას, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ მთავრობას. აღინიშნა ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. ამასთან, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზად არის. მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას - ბაინანსს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს. ჩანგ-პენგ ჟაომ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. ბაინანსის დამფუძნებელი წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოს საკითხებს. შეხვედრას ტვიტერში, საქართველოს პრემიერიც გამოეხმაურა.
