ევროპა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ომისგან სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს
ევროპა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ომისგან სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ცხრა თვის შემდეგ, ევროპელი მაღალჩინოსნები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზე აღშფოთებული არიან, ვინაიდან, მათი თქმით, ამერიკელები ომის ხარჯზე მდიდრდებიან, ამ დროს კი ევროპა კრიზისს უახლოვდება. “პოლიტიკოს” სტატიაში მაგალითად, ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის ციტატაა მოყვანილი. თანამდებობის პირი ამბობს, რომ თუ კარგად დავუკვირდებით, ქვეყანა, რომელიც ომისგან ყველაზე დიდ სარგებელს იღებს, ამერიკის შეერთებული შტატებია, რადგან ისინი უფრო მეტ ბუნებრივ აირს და იარაღს ყიდიან, თან გაზრდილ ფასებში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამერიკული სუბსიდიები ევროპული ინდუსტრიის განადგურებას ემუქრება. კრემლი კი ამას მხოლოდ მიესალმება.
