მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
„მექანიკური ფორთოხლის“ ავტორს ენტონი ბერჯესს ერთხელ ასე უხუმრია: „ბიბლიაში წერია, რომ ხუთი დღე სამუშაოსთვისაა განკუთვნილი, მეშვიდე ღმერთის გახლავთ, აი, მეექვსე კი ფეხბურთის დღეა.“ ხუმრობა იქეთ იყოს და ხვალიდან სწორედ ეს მეექვსე დღე დგება და ისიც ერთი თვით. ეს არის პერიოდი, როცა, როგორც წესი, ზღვა ემოცია და მღელვარება პლანეტის მასშტაბით პიკს მიაღწევს, რადგან მუნდიალი გულგრილს არ დატოვებს არც ერთ კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანს. ამ ერთმა თვემ იმდენი დასამახსოვრებელი მომენტი და გოლი უნდა მოგვცეს, რომ მათზე მინიმუმ ოთხი წელი მაინც უნდა ვისაუბროთ, ვიკამათოთ და ემოციები დავხარჯოთ. ბევრი მატჩი, იმედი გვაქვს დროსაც გაუძლებს, როგორც არქივში შემონახული არაერთი დასამახსოვრებელი თამაში, გოლი თუ კადრი. ასეთი გვაქვს მოლოდინი ფეხბურთის მოყვარულებს. ამ ჩემპიონატს ბევრი უცნაურობაც თან ახლავს, უჩვეულოა ადგილი და დაწყების დროც, ბევრი მოვლენა და გადაწყვეტილება, ტურნირის დაწყებამდეც კი იწვევს სკეპტიციზმს. მაგრამ ბურთი ყველგან მრგვალია და მოედანი ყველგან სწორი. დაველოდოთ მსაჯის სასტვენს და საფეხბურთო დღესასწაულს, მანამდე კი ვნახოთ სოფო ერქვანიას რეპორტაჟი.
