უკრაინელი ბავშვების თბილისური დღეები
უკვე 262-ე დღეა ომის ქრონიკებზე გიამბობთ. ამ ქრონიკათა სერიაც აუცილებლად დასრულდება და აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით. სხვაგვარად ვერც წარმოგვიდგენია, ვერც უფროსებს და ვერც იმ პატარა მოქალაქეებს, რომელთა ლაღი და ბავშვური სურვილები, ომის სისასტიკის დასრულების ოცნებამ შეცვალა. დღეს მათი ფიქრები: ხატავენ თუ თამაშობენ, სწავლობენ თუ უბრალოდ საუბრობენ, მხოლოდ ერთი თემის ირგვლივ ტრიალებს: როგორმე სახლებში, მშობლებთან და მეგობრებთან ერთად დაბრუნდნენ, სადაც ძველებულურად, მხოლოდ ბავშვური ოცნებებით დაიტვირთებიან. გვჯერა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, მანამდე კი ამ პატარა მოქალაქეებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ განტვირთვა, გარემოს გამოცვლა და სითბო. რამდენიმე დღით უკრაინიდან საქართველოს მცირედი ჯგუფი სტუმრობდა, მათი სტუმრობაც და მასპინძლობის ინიციტივაც პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ანუკი ჩხიკვაძემ ერთი დღით, იმ ბავშვების სამყაროში გადაინაცვლა, რომელთა ყველაზე ფერადი დღეები, დროებით უფროსების სერიოზულმა თემებმა დაჩრდილა.
