ახალი პროფესიები და დასაქმება
სამყაროში ყველაფერი გონივრულად არის გააზრებული და მოწყობილი, მაგალითად ის, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამ სიბრძნეში არის ცხოვრების ერთ-ერთი უმაღლესი სამართლიანობაც. მთავარია, იპოვო ის შენი საქმე. თანამედროვე ცხოვრებაში კი ასეთი საქმეების ფართო არჩევანი გვაქვს. როგორც თეატრალურ სამყაროში ამბობენ-ხოლმე, რომ არ არსებობს დიდი და პატარა როლები, ასეა აქაც: არ არსებობს დიდი მომავლის მქონე პროფესიები, არსებობენ დიდი მომავლის მქონე პროფესიონალებიო. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი დასაქმების სააგენტო, მსურველებს ჰპირდება, რომ 50-ზე მეტ პროფესიაში, სწორედ პროფესიონალებად ჩამოყალიბების პირობებს შეუქმნიან. ეს შესაძლებლობა კარგი შანსია ბევრი მიმართულებით, მაგალითად ბაზარზე შეიძლება არსებობდეს კონკრეტული კადრების მოთხოვნა, მაგრამ ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ პროფესიონალი და კონკრეტული საქმის მცოდნეთა საკმაოდ დიდი დეფიციტია. ეს პროგრამა კი გარდა ახალი პროფესიების დაუფლებისა, მაგალითად სოციალურად დაუცველი პირებისთვის დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. დანარჩენი კი უკვე სურვილზე, მონდომებაზე და მოძრაობაზეა, როგორც ამას საბა ხვიჩიას რეპორტაჟის ერთ-ერთი გმირიც ამბობს.
