საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი "ქრონიკის" შეკითხვებს პასუხობს
მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ საქმე გვაქვს სამართლიან კრიტერიუმებთან და პოზიტიურად დანახულ პროცესთან, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა, საქართველო ყველა მონაცემებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმსახურებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადად. ქადაგიშვილი „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ჯაფარიძემ ფაქტობრივად, მისი და გარკვეული წრეების პოიცია გაახმოვანა, როდესაც განაცხადა, რომ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და „აი, ეს არის პასუხი იმაზე, ომი გინდათ თუ არა“. „არ ვიცი, ვინ გაუჩინა მას ასეთი განცდა, საინტერესოა. აი, ეს პასუხი მივიღეთ ჩვენ გეოპოლიტიკურ ჭრილში ჯაფარიძის მიერ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ საქმე გვაქვს სამართლიან კრიტერიუმებთან და პოზიტიურად დანახულ პროცესთან, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა, საქართველო ყველა მონაცემებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. არის კონკრეტული პოლიტიკური ძალები საქართველოში, რომელთათვისაც მთავარი დღის წესრიგი ეს არის, როგორმე ხელისუფლების ხელში ჩაგდება, ისე, რომ არ დაელოდონ 2024 წლის არჩევნებს და მათთვის ყოველგვარი პოზიტიური გზავნილი, რაც კი შესაძლოა, საქართველოსთან მიმართებაში იყოს, ამ მხრივ დამაზიანებელია, რადგან ეს ხალხში რევოლუციური განწყობის ან უკმაყოფილების გაჩენის საბაბს, რა თქმა უნდა არ იძლევა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
