პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა მიმდინარეობს - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა ეკონომიკური ზრდის შესახებ საუბრით გახსნა. „მოგეხსენებათ, მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე, ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ. 9 თვის განმავლობაში, საქართველოში 10,2%-იანი ეკონომიკური ზრდაა, რაც უპრეცედენტოა. ექსპორტი გაზრდილია 40%-ით და 9 თვეში, ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 4 მილიარდი აშშ დოლარია“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის აღდგენაც. „2019 წელთან შედარებით, წელს ტურიზმი 97,5% არის აღდგენილი. მიღებულმა შემოსავლებმა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. არ მინდა, წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ ჩვენი მოლოდინია, რომ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. შევინარჩუნებთ. წლის ბოლოს, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
