საყოველთაო ინტერნეტიზაცია
ყოველ ას წელიწადში ერთხელ ახალ ეპოქას, ახალი და სახეცვლილი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მოაქვს. სულ რაღაც საუკუნის წინ ტელეინდუსტრიამ ადამიანის ცნობიერება შეცვალა. მაშინ ალბათ ბევრი ფიქრობდა, რომ პატარა ყუთში მოთავსებული მოლაპარაკე ადამიანი ადამიანისვე შესაძლებლობის ყველაზე დიდი მიღწევა იყო, მაგრამ ისინი ცდებოდნენ. გაივლის კიდევ ერთი ასი წელი და მოლაპარაკე ადამიანები ტელევიზორიდან, ჩვენს ხელში, აი ამ პატარა მოწყობილობებში აღმოჩდებიან, რა თქმა უნდა ინტრნეტის დახმარებით . დღეს სწორედ ის დღეა, როცა დედამიწაზე პირველი ინტერნეტკომუნიკაცია შედგა. ეს კომუნიკაცია 1969 წელს მოკლე და შეზღუდული იყო, დღეს კი ის განუსაზღვრელი და ყოვლისმომცველია. ინტერნეტი მართავს ჩვენს ყოველდღიურობას, გვიზოგავს დროს და ენერგიას, მეტიც უკვე გვყავს ინტერნეტ-თაობა, რომლის საგანმანათლებლო სისტემაც სრულად ამ სივრცეზეა აწყობილი. საქართველოში ინტერნეტ-რესურსით ქვეყნის 86 პროცენტია დატვირთული. როგორც მანანა გაბელიას რეპორტაჟის ერთ-ერთი გმირი ამბობს, ინტერნეტი უკვე ჰაერივით საჭიროა. ამიტომაც აუცილებელია, რომ ეს ჟანგბადივით რესურსი, განურჩევლად რთული გეოგრაფიული არეალისა, ქვეყნის ნებისმიერ წერტილში იყო ხელმისაწვდომი. ეს გეგმა არსებობს და მისი რეალიზებაც მიმდინარეობს. როცა ის ბოლომდე შესრულდება, ვირტუალური რეალობაც ყველგან შეაღწევს. თუმცა უმჯობესია ვირტუალურ სამყაროში გამგზავრებისას, არ დაგვავიწყდეს, რომ რეალური სამყაროს კარი მაინც ღიად დავტოვოთ.
