იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი გადაცემა „იმედი LIVE“-ში
თუ გადაწყვეტილება, რაც მიიღება საბჭოს მხრიდან, არის დასაბუთებული შესაბამისი ფაქტებით, ეს გადაწყვეტილება არგუმენტირებულია მაშინ რაღაზე უნდა იყოს საუბარი?! თუ ყველაფერი არის ღია, ყველაფერი საბუთდება, მაშინ ჩემთვის, როგორც იურისტისთვის გაუგებარია, რატომღა უნდა იყოს კითხვა დარჩენილი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, ნდობას განაპირობებს პროცესიის ღიაობა. „ბალანსის მექანიზმი ალბათ არის ის, რომ გატარებული რეფორმების შედეგად საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხი არის გაზრდილი. ჩვენ თუ შევადარებთ დღევანდელ საბჭოს 2012 წლამდე არსებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ამ კუთხით. საბჭოს სხდომები არის ღია, გადაწყვეტილებები რომელსაც იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონის ნორმის საფუძველზე არის დასაბუთებული. მაგალითად, უახლესი რეფორმის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსი არის უპრეცედენტო პროცედურა, მსგავსი ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ყველა ეტაპზე ღიაობა არის უზრუნველყოფილი და მთავარიც ეს არის - ნდობას განაპირობებს პროცესიის ღიაობა“, - აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
