საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი „ქრონიკის“ შეკითხვებს პასუხობს
„სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალეა, როგორც ჩვენს ოპოზიციას უყვარს თქმა - ინკლუზიურია. ამ ფრაზით ხშირად აპელირებენ. პროცესის მეტი გამჭვირვალობა და გახსნილობა არ წარმომიდგენია. მათ 19 კანდიდატი ჰყავთ შერჩეული. ჩვენ ბურთი შეგნებულად გადავაგდეთ მათ მხარეს - უფლება მივეცით, თავისთვის სასურველი კანდიდატი შეერჩიათ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას. მისივე თქმით, ახალი ომბუდსმენის შესარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო, თუმცა, იქამდე, მიმდინარე პროცესში, ოპოზიციის ნაწილი სათანადოდ არ ერთვება. „კეთილი უნდა ინებონ და მათ მიერვე წარმოდგენილ რომელიმე ერთ კანდიდატს მხარი ჩვენთან ერთად დაუჭირონ. როდესაც სხდომებს ვესწრები, ფაქტობრივად, მათი [ოპოზიციის] და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი სკამები ცარიელია“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი. ომბუდსმენობის 19 კანდიდატიდან, დეპუტატებმა 7-ს უკვე მოუსმინეს.
