საბა ასანიძე ევროპის ჩემპიონია
საბა ასანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველი ძალოსანის ანგარიშზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია. ინფორმაციას ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს. ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით, ფიცარნაგზე 81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი გამოვიდა. ატაცში საბა ასანიძემ 140/144/146 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ძალოსანმა აკვრაში 175/182 ძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი აქვს ორჭიდის ჯამში მოგროვილი 328 კილოგრამითაც. ნიკოლოზ ესართიამ 137/141 კგ. დაძლია და ატაცში მე-6 ადგილი დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში თავი 171/177 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილი ერგო, ორჭიდში მოგროვილი 318 კილოგრამით კი მე-5. მანამდე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა აგრეთვე კახი ასანიძემაც. საბა და კახი ასანიძე გიორგი ასანიძის შვილები არიან.
