თბილისში ყველა ის სამუშაო შემოწმდება, რომელთა ექსპერტიზაც „მშენ ექსპერტის“ სახელს უკავშირდება - კალაძის განცხადება
თბილისში ყველა ის სამუშაო შემოწმდება, რომელთა ექსპერტიზაც „მშენ ექსპერტის“ სახელს უკავშირდება. შესაბამისი დავალება თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გასცა. ინსპექტირების შედეგად უნდა გაირკვეს, რამდენად შეესაბამება ქალაქის მასშტაბით შესრულებული სამუშაოები კანონით დადგენილ ნორმებს. ეს სწორედ ის საექსპერტო ბიუროა, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, ვაკის პარკში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ყალბი დასკვნა მოამზადა. თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, არ განხილულა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები. სხდომა დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრით დაიწყო. კახა კალაძემ, გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ოჯახს, სამძიმარი დღეს, კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
